საქართველოს პარლამენტმა "საარჩევნო პერიოდში ეთიკის კოდექსი” მიიღო. კენჭისყრაზე ,,თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერის ვიქტორ დოლიძის მიერ მომზადებულ ინიციატივას 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
როგორც პლენარულს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, უმცირეობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები იყო, თუმცა ისინი დღეს სხდომას არ ესწრებიან.
როგორც კოდექსშია აღნიშნული, პოლიტიკურმა პარტიებმა უარი უნდა თქვან - სიძულვილის ენაზე ან ისეთი გამონათქვამების გამოყენებაზე, რომელიც არის პროვოკაციული, ცილისწამებლური, ღირსების შემლახველი, ქსენოფობიური, შეიცავს მუქარას ან ადამიანს ნებისმიერი ფორმის ძალადობისკენ უბიძგებს.
საარჩევნო პროცესის განმავლობაში, პოლიტიკური პარტიების მიერ დაცული უნდა იყოს დადგენილი თამაშის წესები და ეთიკური სტანდარტები, რაც წარმოადგენს საზოგადოების ნდობის მოპოვების მნიშვნელოვან წინაპირობას და კარგი მმართველობის ერთ-ერთ უმთავრესს კომპონენტს.
ამასთანავე, სახელმწიფომ ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, თავისი ექსკლუზიური ვალდებულების შესრულება უნდა უზრუნველყოს.