ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 20 ივნისს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავენ. ევროკავშირი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართება.
საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითზე ლუქსემბურგში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა 10 ივნისს იმსჯელეს. თუმცა, მაშინ შეხვედრა გადაწყვეტილების მიღების გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრმა კლაას დიკჰოფმა განაცხადა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება. ამასთან, შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა აღნინეს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზეა დამოკიდებული.
ევროკავშირის საბჭოს პარალელურად, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროპარლამენტშიც განიხილება. ევროპარლამენტის კომიტეტები აღნიშნული საკითხის განხილვას ივლისში დაასრულებენ. საკანონმდებლო ინიციატივას 7 ივლისს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უყრის კენჭს, 13-14 ივლისს კი სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი დაამტკიცებს. როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ელმარ ბროკი ვარაუდობს, ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას ევროპარლამენტი სექტემბრის პირველ ნახევარში უყრის კენჭს.