ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დარწმუნებულია, რომ „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფსა და მოქალაქეს შორის აეროპორტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას შსს უმოკლეს ვადაში მოიკვლევს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, არც ჟურნალისტებმა უნდა მისცენ თავიანთ თავს იმაზე მეტის უფლება, ვიდრე ჟურნალისტის ეთიკა აძლევს ამის შესაძლებლობას.
„ერთმნიშვნელოვნად ჟურნალისტის უფლებები უნდა იყოს დაცული და ამავდროულად არც ჟურნალისტებმა უნდა მისცენ თავიანთ თავს იმაზე მეტის უფლება, ვიდრე ჟურნალისტის ეთიკა აძლევს ამის შესაძლებლობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უმოკლეს ვადაში მოიკვლევს ამას და შესაბამისად დადგება ის შედეგები, რომელიც უნდა დადგეს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გადამღებმა ჯგუფმა პროფესიული საქმიანობა დაასრულა, აღნიშნული ტელეკომპანიის ოპერატორ გიორგ ც.-ს მოქალაქე ალექსანდრე ს.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილს გაეცალა. გამოძიებით დადგინდა, რომ მას გიორგი ც. დაედევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
”კონფლიქტის ადგილზე ამ დროს იმყოფებოდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი და საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი. ამ უკანასკნელის განცხადებით, როდესაც იგი მობილური ტელეფონით ცდილობდა კონფლიქტის გადაღებას, ალექსანდრე ს.-ს თანმხლებმა ქალბატონმა თამარ ლ.-მ, პროტესტის ნიშნად, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პარლამენტარმა სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა.
სამართალდამცველებმა ცემის ფაქტზე 1970 წელს დაბადებული თამარ ლ. გამოავლინეს. რაც შეეხება გიორგი ც.-ს და ალექსანდრე ს.-ს, ორივე პირი გამოკითხულია და წინასწარი მონაცემებით, მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 125-ე მუხლით (ცემა) მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს განცხადებაში.