ჩვენმა პატარა ერმა მოახერხა სიღარიბის დაძლევა, გამოიარა სამოქალაქო ომი, რუსეთის თავდასხმა და ჩვენზე ბევრად დიდი მეზობლის მიერ განხორციელებული ნაწილობრივი ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, შეიქმნა თანამედროვე, დინამიური, დემოკრატიული სახელმწიფო.
„მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ საქართველო ვაქციოთ შესანიშნავ ქვეყნად და სამაგალითო ინსტიტუციური დემოკრატია შევქმნათ. ეს ყველაფერი ჩვენ მარტოებს არ გაგვიკეთებია. მეგობრები და მოკავშირეები დაგვეხმარნენ იმ პოზიციის მოპოვებაში, რომელიც ახლა გვიჭირავს. პირველ რიგში, აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ სრულად ვიაზრებთ ამ ვალს და ჩვენ მზად ვართ, პირნათლად შევასრლოთ ჩვენი ვალდებულება ამ გარიგების ფარგლებში - საერთო ღირებულებების შენარჩუნების კუთხით“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ქართველი ერის წარმატება სამ სვეტზე დგას. ესენია: ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია.
„გასული წლების მანძილზე საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით მნიშვნელოვნად დავწინაურდით. ამა წლის პირველი კვარტლის მანძილზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 376.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მეზობლებთან და ახლო მეზობლებთან, ჩვენი, ზოგადად პარტნიორული დამოკიდებულების წყალობით, ჩვენ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა, ან თუნდაც რუსეთში ბიზნესის წარმოების შესანიშნავი საწყისი წერტილი ვართ.
ინვესტორები დღეს საქართველოს სახით ხედავენ სტაბილურ, სტუმართმოყვარე და სწრაფად განვითარებად ქვეყანას“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.