საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე ახალი სამსახური იზრუნებს.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საინვესტიციო სააგენტოში ექსპორტის ხელშეწყობის სამსახური შეიქმნა, რომლის ძირითადი ამოცანა ექსპორტის ხელშეწყობა იქნება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი მატკავამ განაცხადა, სამსახურს მიხეილ კობალაძე უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე საინვესტიციო სააგენტოში მუშაობდა.
მატკავას თქმით, უკვე დასრულებულია ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის სამომავლო გეგმებზე მუშაობა, რომელიც გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად მიმდინარეობდა.
მისი თქმით, სამსახურის ძირითადი ფუნქციები ადგილობრივი მწარმოებლებისა და ექსპორტიორების საინფორმაციო მხარდაჭერა, მწარმოებლებსა და უცხოელ მყიდველებს შორის კონტაქტების დამყარების ხელშეწყობა, საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება, ასევე საერთშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია იქნება.
მატკავას განაცხადებით, მომავალი კვირიდან ქართველ მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრები დაიწყება. შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლები ექსპორტის ხელშეწყობასთან დაკავშირებით თავიანთ მოსაზრებებს წარმოადგენენ.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტი არსებობდა. დეპარტამენტი ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ლაშა ჟვანიამ შექმნა. თუმცა, ჟვანიას შეცვლის შემდეგ, სამინისტროს რეორგანიზაციის პროცესში დეპარტამენტი გაუქმდა და ექსპორტის ხელშეწყობაზე მუშაობა საინვესტიციო სააგენტოს დაევალა.