დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით შექმნილმა საზოგადოებრივმა დარბაზმა სამინისტროს მიერ შემუშავებული მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტი განიხილა. როგორც აღინიშნა, შენიშვნები და შეხედულებები, რომელიც დარბაზის წევრებმა შეხვედრაზე გამოთქვეს, ეთიკის კოდექსის საბოლოო ვარიანტში იქნება გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიულ ეთიკის კოდექსზე სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებთან უკვე გაიმართა. როგორც განთლების სამინისტროში აცხადებენ, იმისთვის, რომ ეთიკის კოდექსმა სრულყოფილი სახე მიიღოს, ანალოგიური შეხვედრები როგორც დარბაზის წევრებთან ასევე მრჩეველთა საბჭოსთან და საზოგადოების წევრებთან მომავალშიც გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისთვის პროფესიული ქცევის წესებს ადგენს, რაც მათ ეთიკურად გამართლებული ქმედებების წარმართვაში დაეხმარებათ. ამ კოდექსით, მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხის შეფასება მოხდება. კოდექსის დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, ბავშვის კანონიერი წარმომადგენლების, თავად მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება.