ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ რუსული ფინანსური დახმარების ხარჯვის შესამოწმებლად ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რომან პანოვი ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ოსინფორმი" ავრცელებს.
პანოვი, რომელიც ამავე დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენის უწყებათაშორისო კომისიის თავმჯდომარეცაა, 5 კაციან დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომლებიც სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
დელეგაციის ცხინვალს 26 მაისს დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის საანგარიშო პალატა დასკვნის გამოქვეყნებას გეგმავს, რომელიც კოკოითის რეჟიმის მიერ რუსეთის ფინანსური დახმარების ხარჯვას სწავლობს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა ცხინვალის რეჟიმს ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღსადგენად 2008-2009 წლებში 10 მილიარდი რუბლი გამოუყო. წელს კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან კიდევ 5,7 მილიარდი რუბლი გამოიყოფა. აღნიშნული თანხით სკოლები, ენერგო და გაზმომარაგების ობიექტები და საინჟინრო ინფრასტრუქტურა უნდა აღდგეს.
ამასთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთში აღდგენითი სამუშაოებისთვის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვას ამჟამად რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების განყოფილება იძიებს.