25 მაისს, ფილოლოგების დღეს, 16:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში (ჭანტურიას ქ. # 8) საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის ორგანიზებით, მოეწყობა ალმანახი 2010-ის - "საცნობლად თავისადაო" - პრეზენტაცია.
ალმანახში იმ თბილისელ მასწავლებელთა 63 ნაშრომია დაბეჭდილი, რომლებიც სპმთპ-ის თბილისის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის - "საცნობლად თავისადაო " -გამარჯვებულები არიან (პროზა, პოეზია, თარგმანები, ნახატები).
ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მხატვარი ქეთი მატაბელი, პოეტი რუსუდან კაიშაური, ლიტერატორი ლია კარიჭაშვილი, გამოავლინეს წარმატებული პედაგოგები, რომელთა დაჯილდოებაც მოხდება იმავე დღეს. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი, ნომინაციებში გამარჯვებულებს კი - დიპლომი და ფასიანი საჩუქრები.
მასწავლებლებს მიესალმებიან და წარმატებას მიულოცავენ ლიტერატურისა და ხელოვნების წარმომადგენლები: რეზო სირაძე, როსტომ ჩხეიძე, ვანო ამირხანაშვილი, გია მურღულია, ლაშა ბაქრაძე.