25 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ზუგდიდში სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ოფისს გახსნის.
აღნიშნულ ცენტრში ზუგდიდის მოსახლეობას კომფორტულ გარემოში მოემსახურებიან. ოფისი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით. ცენტრი ისე არის დაგეგმილი, რომ ხანდაზმულებმა თავი კომფორტულად იგრძნონ, ასევე გათვალისწინებულია შეზღუდული შასაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობა და მათთვის გაკეთებულია პანდუსი. მოწყობილია მოსაცდელი, სადაც მოქალაქე ყველანაირ ინფორმაციას მიიღებს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ პროგრამებზე, სახელმწიფო გასაცემლებზე და ყველა იმ სერვისზე, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს.
ასეთივე ცენტრები საქართველოს მოსახლეობას ყველა რაიონში მოემსახურება, სულ 68 ოფისია.
2010 წლის აპრილის მონაცემებით, ზუგდიდის რაიონში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 16389 ოჯახია (57982 პირი ) რეგისტრირებული. ყოველთვიურ საარსებო შემწეობას იღებს 4759 ოჯახი (16545 პირი). თანხობრივად, აპრილის თვეში მათზე გაიცა 437142 ლარი. ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით კი 10140 ოჯახი (36165 პირი) სარგებლობს.
ზუგდიდში 31665 პენსიონერია. მათზე გადარიცხულია 2462749 ლარი.
ზუგდიდის სოციალური მომსახურების გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრი ზუგდიდში რუსთაველის ქ. #93-ში მდებარეობს.