საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლალი ებანოიძემ მოსწავლეთა ნახატების კონკურსის - "სადაკო - მშვიდობის ელჩი" გამარჯვებულები: თბილისის 139-ე საჯაროს სკოლის მოსწავლე ნიკა მაღელანი, თბილისის ვირსალაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლე ნოდარ პირველი და ქუთაისის მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლე თამარ იოსელიანი კომპიუტერებით დააჯილდოვა. კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით სამშვიდობო ორგანიზაცია "სადაკომ" ჩაატარა და მასში საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.
ლალი ებანოიძის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებს შორის შემოქმედებითი და ინტელექტუალური კონკურსების მხარდაჭერა.
კონკურსანტებს იაპონელი გოგონას - სადაკო სასაკის ტრაგიკული ისტორია შემოქმედებითად უნდა გაეაზრებიათ და შეექმნათ ნახატი, რომელშიც გამოხატული იქნებოდა საკუთარი აზრი, განცდა, ემოცია, შთაბეჭდილება და დამოკიდებულება სადაკოს ტრაგიკული ისტორიისადმი. ჟიურის მიერ 100 საუკეთესო ნახატი შეირჩა, რომელთა ავტორთაგან სამ-სამი ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი I, II, III ხარისხის პრიზებით დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
სადაკო სასაკის ისტორია ყველა იაპონელისთვის ცნობილია. გოგონა 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების თვითმხილვევი იყო და 1954 წელს ლეიკემიით გარდაიცვალა. მეგობრებმა, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ მისი სიმამაცითა და სიძლიერით, სადაკოს წერილები წიგნად გამოსცეს. სადაკოს 1000 ქაღალდის წეროს ამბავი კი ლეგენდად იქცა. ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალურ პარკში დგას სადაკოს ბრინჯაოს ძეგლი ოქროსფერი წეროთი ხელში.