ბიზნესომბუდსმენის კერძო სექტორთან თანამშრომლობის ძირითადი სტრატეგია, მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობა იქნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბიზნესომბუსდმენმა გიორგი პერტაიამ განუცხადა.
როგორც პერტაიამ აღნიშნა, მისი მთავარი ამოცანა ბიზნესთან მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობა, მათი პრობლემების გაცნობა და შემდეგ ამ პრობლემების პრემიერ-მინისტრისთვის მიწოდებაა.
"თანამშრომლობის სტრატეგიის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად იყოს მოცული კერძო სექტორის ყველა ფენა. საუბარია, როგორც მსხვილ ბიზნესზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესზე", - განაცხადა პერტაიამ.
მისი თქმით, მსხვილ ბიზნესთან მეტ-ნაკლებად კომუნიკაციის თავსაზრისით პრობლემები არ არსებობს.
"ჩვენ ეხლა ვამუშავებთ სხვადასხვა საშუალებებს და მეთოდებს, რომ იგივე მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესთან, იგივე სისწრაფით ხდებოდეს პრობლემების მოწოდება, როგორც მსხვილი ბიზნესის შემთხვევაშია. ეს შესაძლოა, ცხელი ხაზის, ვებ-გვერდის, კვლევისა და სხვა მსგავსი მექანიზმებით გაკეთდეს", - განაცხადა პერტაიამ.
ბიზნეს სექტორთან ურთიერთობის სტრატეგია და ბიზნეს ასოციაციასთან ურთიერთობის გეგმებზე პერტაიამ დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვდრაზე ისაუბრა.
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ზოგადად ბიზნესომბუდსმენის თანამდებობის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია.
"ეს წამოწყება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა ბიზნესთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე ფიქრობს", - განაცხადა ჭირაქაძემ.
მისი თქმით, ასოციაცია პრემიერ-მინისტრის მრჩეველს სხვადასხვა საკითხებში საკუთარ ინიციატივებსაც გააცნობს.