საქართველოში აშშ-ის საელჩო ხურჩაში მომხდარ ტრაგედიაზე საფუძვლიანი გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ -ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
”შეერთებული შტატები გმობს შეუიარაღებელი მამაკაცის სასიკვდილოდ დაჭრას სოფელ ხურჩაში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე, ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან ახლოს. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მყისვე დაიწყონ საფუძვლიანი და დროული გამოძიება, რათა ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები წარდგნენ სამართლის წინაშე. ეს ინციდენტი წარმოაჩენს საჭიროებას, სასწრაფოდ განახლდეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, აგრეთვე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მიღებულ იქნას საერთაშორისო უსაფრთხოების ზომები.
შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს სურვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.