"სახალხო დემოკრატების" ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი თბილისის გარეუბნებში არსებული მდგომარეობის შესასწავლად სპეციალური ჯგუფის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს, აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან სტუმრობისას განაცხადა. დღევანდელ შეხვედრაზე, მერობის კანდიდატთან ერთად, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისნის საარჩევნო ოლქში მაკა ივანიშვილიც იმყოფებოდა.
ნიკა ივანიშვილის განცხადებით, დასახლება აფრიკაში მოსახლეობის ყველაზე მოუგვარებელ პრობლემას დაუკანონებელი მიწები და სახლები წარმოადგენს.
მისივე თქმით, თბილისის კიდევ რამდენიმე გარეუბანი ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და იქ მცხოვრებ მოსახლეობას უამრავი პრობლემა აწუხებთ, რომელიც დაუყოვნებლივ გადასაწყვეტია.
~გავხდები თუ არა ქალაქის მერი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ~სახალხო დემოკრატები~ მაინც შექმნიან ამ ჯგუფს და აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ თქვენი პრობლემების გადაჭრაში~, - განაცხადა ივანიშვილმა.