სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქართველებთან ერთად სულთმოფენობის დღესასწაული აფხაზებსაც მიულოცა.
"შევთხოვ უფალს, რომ ისმინოს ვედრება ჩვენი და გამთლიანდეს საქართველო. მე დღეს ამ წმინდა ტაძრიდან, სამების ტაძრიდან ვულოცავ აფხაზებს, ყველას ვინც აფხაზეთში ცხოვრობდა და ცხოვრობს სულთმოფენობას", - ბრძანა უწმინდესმა დღეს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ.
მისივე განმარტებით, ქართველები და აფხაზები ყოველთვის "ძმები იყვნენ და ძმებად დარჩებიან".
"ჩვენ ვიყავით ძმენი და დავრჩებით ძმებად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ცდილობს ჩვენი ერების გათიშვას. ღვთის ძალა, ღვთის მადლი არ დაუშვებს ჩვენს გაყოფას", - დასძინა ილია მეორემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებლური სამყარო სულთმოფენობას ზეიმობს. უწმინდესმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ 12 გვარი და რამდენიმე სასულიერო პირიც დალოცა.