აფროსნობა სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული სახეობაა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით სააფროსნო კლუბებსა და მარინებს. ისეთ საზღვაო ქვეყანაში, როგორიც საქართველოა სპორტის ეს სახეობა ფართოდ გავრცელებული უნდა იყოს, თუმცა დღემდე მხოლოდ ერთეულების ენთუზიაზმზეა დამოკიდებული. რას გეგმავს თბილისის აფროსანთა კავშირი დედაქალაქის მასშტაბით სიახლეებზე კავშირის დამფუძნებელი თემო გოცაძე გვესაუბრება.
- გვიამბეთ საქართველოში აფროსნობის ტრადიციებისა და ისტორიის შესახებ.
- საქართველოში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 50-იან წლებიდან დაიწყო სპორტის ამ სახეობის განვითარება. ერთ-ერთი ძირითადი ლოკაცია იყო თბილისის ზღვა, რომელსაც აფროსნობისასთვის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.
ზოგადად აფროსნობის განვითარებისათვის ჩვენს ქვეყანაში იდეალური ბუნებრივი პირობებია. იქნება ეს შავი ზღვა თუ ტბები, რომლებიც უხვად არის საქართველოს ტერიტორიაზე.
70-იანებიდან საქრთველოს ჰყავდა საკმაოდ ძლიერი აფროსნები, რომლებიც ხშირად გამოდიოდნენ საერთაშორისო ტურნირებზე, სადაც სერიოზულ კონკურენციას უწევდნენ მსოფლიოს მოწინავე სპორტსმენებს.
90-ინი წლების ქარტეხილებმა მძიმე დარტყმა მიაყენა როგორც ქვეყანას, ასევე სპორტის ამ სახეობას. განადგურდა ბაზები, შეწყდა დაფინანსება, შეუძლებელი გახდა საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა.
მხოლოდ აფროსანთა ენთუზიაზმითა და სპორტის ამ სახეობის დიდი სიყვარულით მოხერხდა ახალგაზრდა თაობისთვის აფროსნობის სიყვარულისა და ცოდნის გადაცემა.
ეს იყო საკუთარი საქმის მოყვარული იდეალისტების პერიოდი. ყველას გვახსოვს ნუგზარ კიკნაძის მიერ საკუთარი ხელით აგებული იახტა „ლინა“, რომელმაც იმ მძიმე წლებში, უსახსრობის მიუხედავად შეეცადა მარტოს ემოგზაურა მსოფლიოს გარშემო.
90-იანების შემდეგ მხოლოდ ქალაქ ფოთში მოხერხდა სპორტული ცხოვრების უწყვეტობის შენარჩუნება, რაც თითოეული ფოთელი აფროსანის დამსახურებაა.
ბოლო რამდენიმე წელია კი აქტიურად დაიწყო მცდელობა სპორტის ამ სახეობის გასანვითარებლად.
- რა მიზანს ისახავს თქვენი კავშირი და გვიამბეთ უახლოესი გეგმების შესახებ
- თბილისის აფროსანთა კავშირი დედაქალაქის მასშტაბით საიალქნო სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ასევე ჩვენი მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის ფორმირება და ახალგაზრდა სპორტსმენთათვის ხელის შეწყობა. სწორედ ამ მიზნით განხორციელდა პროექტი: თბილისის პირველობა, საქველმოქმედო რეგატა „ერთად ავწიოთ აფრები“, სადაც თბილისელ აფროსნებთან ერთად მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვები საქართველოს SOS ბავშთა სოფლიდან იღებდნენ მონაწილეობას.
ქ. თბილისის მერიის მიერ ხელშეწყობილი პროექტი ორი კომპონენტისაგან შედგებოდა: საქველმოქნედო რეგატა და მოზარდთა შორის თბილისის პირველობა „ოპტიმისტის“ საერთაშორისო კლასში.
თბილისის აფროსანთა კავშირი მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეს გეგმავს და ერთ-ერთი პრიორიტეტული ხაზი სწორედ სოციალური პროექტები იქნება. თითოეული სპორტული აქტივობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება აფროსნობის სპორტის პოპულარიზაციისათვის და თბილისის ზღვის უნიკალური ტურისტული პოტენციალის გასანვითარებლად.