თიბისი გალერეამ გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნის, „ნაცნობ ქიმერათა ფერხულის" პრეზენტაციას უმასპინძლა, რომელიც ავტორმა მკითხველს თავად წარუდგინა.
„ნაცნობ ქიმერათა ფერხული" გელა ჩარკვიანის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი ავტობიოგრაფიაა, რომელიც არაორდინარული და ხშირად დრამატული მოვლენების უშუალო მონაწილის მიერაა დაწერილი.
ავტორი წიგნში გულწრფელად გვიყვება ისტორიებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს მასზე გავლენა იქონიეს. გარდა ამისა, გვიზიარებს პროფესიონალის გამოცდილებას, რაც წიგნს განსაკუთრებულად ღირებულს ხდის.
„ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნში საუბარია 1992-2003 წლამდე პერიოდზე. ეს ის პერიოდია, როდესაც მე საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი ვიყავი საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო, მაშინ დგინდებოდა საქართველოს დასავლური კურსი. თუმცა, ამ პერიოდის გარდა, წიგნში „იჭრებიან" ეპიზოდები ბავშვობიდან, ახალგაზრდობის წლებიდან და მომავლიდანაც კი. ეპილოგი მთლიანად ჩემს მეუღლეს ეძღვნება."- განაცხადა გელა ჩარკვიანმა პრეზენტაციაზე.
„ნაცნობ ქიმერათა ფერხულს" ავტორის გარდა უამრავი პერსონაჟი ჰყავს. მათი ნაწილი პრეზენტაციას დაესწრო და აუდიტორიას საკუთარი ისტორიები გააცნო.
თიბისი გალერეაში მისულმა სტუმრებმა გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნი სპეციალური ფასდაკლებით შეიძინეს.
„ნაცნობ ქიმერათა ფერხული" გამომცემლობა „ინტელექტმა" გამოსცა.