ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მოადგილე მარია გაიდარი პოსტს ტოვებს. უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ გაიდარის პრესმდივნის, ვიქტორია სიბირის, განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ გადაწყვეტილების მიზეზია 1 მაისს ამოქმედებული კანონი, რომელიც კრძალავს სახელმწიფო სამსახურისა და დეპუტატის სტატუსის შეთავსებას. გაიდარი კი საოლქო საბჭოს დეპუტატიცაა.
მიხეილ სააკაშვილმა 2015 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სთხოვა რუსი პოლიტიკოსის, მარია გაიდარისათვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება და ოდესის გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნა. პოროშენკომ ორივე თხოვნა შეასრულა და მომდევნო თვეში გაიდარი წარადგინა ოდესის საოლქო საბჭოში პარტიის „პეტრო პოროშენკოს ბლოკ "სოლიდარობის“ კანდიდატად.