ვარშავაში ათი ათასობით ადამიანმა მმართველი კონსერვატიული პარტიის “სამართალი და სამართლიანობის” პოლიტიკა გააპროტესტეს. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს შორდება.
ადგილობრივ სამართალდამცავთა ინფორმაციით, დემონსტაციაში 45 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. აქციის ორგანიზატორთა მტკიცებით, კი ქუჩაში 250 ათასამდე მოქალაქე გავიდა.
რამდენიმე თვის წინ პოლონეთის მმართველი პარტია ევროკომისიამ გააკრიტიკა. ევროკომისიის კრიტიკა პოლონეთში ჩატარებულმა სპეცსამსახურების საქმიანობის, მედიისა და სასამართლო რეფორმებმა გამოიწვია.
ყველაზე მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სასამართლო რეფორმას, რომელმაც პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის პრინციპი შეცვალა. პოლონეთის ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოს ცვლილებები გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. რეფორმის შედეგად გადაწყვეტილების გამოსატანად საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ხმების ორი-მესამედი; პარლამენტმა მოსამართლეების გადაყენების უფლება მიიღო; საკონსტიტუციო სასამართლოს კი აღარ შეუძლია ქვეყნის პრეზიდენტი მოვალეობის შესრულების უუნაროდ მიიჩნიოს. ცვლილებების შედეგად პოლონეთის მთავრობას ასევე მიენიჭა უფლება, გაათავისუფლოს და დანიშნოს საზოგადოებრივი რადიო და ტელემაუწყებლის ხელმძღვანელები.
მარტში ევროსაბჭომ განაცხადა, რომ რეფორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საჩივრების განხილვის პროცესს მნიშვნელოვნად გაართულებს. ევროკომისიამ კი დაიწყო გამოძიება, ხომ არ არღვევს რეფორმა კანონის უზენაესობის პრინციპს.