საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის მიმართულების დოქტორანტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო სტიპენდიანტის, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის მიერ აღმოჩენილ იქნა თეატრისა და კინოს ვარსკვლავის ვასო გოძიაშვილის ხელნაწერი ავტობიოგრაფია. დოკუმენტი, რომელიც შეადგენს 15 გვერდს და დაცულია სოციალური მომსახურების სააგენტოს არქივში.
ცნობილმა მსახიობმა თავის მემუარულ ჩანაწერებს `ჩემი ავტობიოგრაფია~ უწოდა და იგი შესრულებულია კალმით, საბჭოთა 12 ფურცლიან სასკოლო რვეულში, რომელიც პირველადი კვლევის საფუძველზე 1951 წლით თარიღდება.
მსახიობის ავტობიოგრაფია სცილდება ჩვეულებრივი, სქემატური ავტობიოგრაფიის ფორმას, იგი ესეისტიკის ჟანრს განეკუთვნება და მემუარული ლიტერატურის ელემენტებსაც შეიცავს. ასეთი პრეცედენტი `სობესის~ არქივში იშვიათია.
აღმოჩენილი ავტობიოგრაფია შეიცავს არაერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას არა მხოლოდ მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, არამედ საბჭოთა პერიოდის ქართულ თეატრზე, პოლიტიკუ-სოციალურ მდგომარეობაზე.
ვასო გოძიაშვილის მიერ შექმნილი მემუარულ ლიტერატურას ქართული საზოგადოებრიობა არ იცნობს. გარდა მსახიობის მოგონებების ფრაგმენტებისა, რომელიც 7 ნაბეჭდ გვერდს შეადგენს და გამოქვეყნდა თეატრმცოდნის, გუბაზ მეგრელიძის მიერ ჟურნალში `თეატრალური მოამბე~ (1989; #1) ასევე ვ. გოძიაშვილი ავტორია სტატიისა `მადლიერების გრძნობით~, რომელიც სანდრო ახმეტელს ეძღვნება. (ჟურნ. `საბჭოთა ხელოვნება~, 1977). ლეგენდარული მსახიობის სხვა `წერილობითი მემკვიდრეობა~ დღემდე უცნობი იყო მკვლევართა და ფართო საზოგადოებისათვის.
ვ. გოძიაშვილის ავტობიოგრაფია კარგად ხატავს არა მხოლოდ ეპოქის სურათს, არამედ საკუთარ პორტრეტს. მასში მოყვანილ ფაქტების ანალიზს ეტყობა იუმორის, ირონიისა და თვითირონიის კვალი, ჩადენილი არტისტული `ცოდვების~ გულწრფელი აღიარება. სწორედ ამის გამო, ვასო გოძიაშვილის შემოკლებულ (შემოკლებულ ვარიანტზე თავად ავტორი მიუთითებს ხელნაწერის დასაწყისში) ავტობიოგრაფიას პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ `მსახიობოს სოციალურ-პოლიტიკური ესსე~.
ხელნაწერი საინტერესოა წარსული საბჭოთა ეპოქის გააზრებისთვის. თუ როგორი იდეოლოგიური წნეხის და მკაცრი ცენზურის ქვეშ ცხოვრობდა `საბჭოთა მოქალაქე~, რამდენად დავალებული და იძულებული იყო ის ემოქმედა კონიუკტურის სრული დაცვით. ვასო გოძიაშვილი ამ ვითარებაშიც არ ღალატობს საკუთარ თავს და ირონიაშერეული იუმორის თანხლებით გვიყვება მისი ცხოვრების პოლიტიზირებულ თავგადასავალს.
ასეთი მემუარული ლიტერატურა ქართველ მსახიობთაგან მხოლოდ უშანგი ჩხეიძემ და აკაკ ვასაძემ შექმნეს, რომელიც ქართული მემუარული მწერლობის მნიშვნელოვანი მონაპოვარია.