აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი და მოსკოვი ალეპოში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთი თანახმაა, ბაშარ ასადის ჯარს ალეპოზე საჰაერო დარტყმები შეაწყვეტინოს.
სირიის სამთავრობო ჯარი ადასტურებს, რომ ალეპოში სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5 მაისს, სირიის დროით ღამის 01:00 საათზე ამოქმედდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის იიგორ კონაშენკოვის განცხადებით, ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 48 საათით გახანგრძლივდა და 7 მაისამდე იმოქმედებს.
სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აშშ-სა და რუსეთის შუამავლობით 27 თებერვლიდან ამოქმედდა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ტერორისტულ ორგანიზაციებზე არ ვრცელდება. ამასთან შეთანხმება სირიის ყველა რეგიონში არ მოქმედებდა. კერძოდ, რუსეთმა უარი განაცხადა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ალეპოს ტერიტორიაზე გავრცელებაზე.