,,ქართული ოცნების“ წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ თუკი პოლიტიკაში დარჩენას გადაწყვეტს, თავი ისევ მაჟორიტარ კანდიდატად წარმოუდგენია. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია სავარაუდოს არჩევნებამდე 40 დღით ადრე დაიდება.
„მე გახლავართ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, შესაბამისად მზად ვარ ვიმუშაო და ვაკეთო ჩემი საქმე იქ, სადაც პარტიის ინტერესები მოითხოვს. თუკი ჩემი პირადი დამოკიდებულება გაინტერესებთ, მე არ ვიბრძვი არც საარჩევნო სიის პირველ ათეულში მოსახვედრად და არც ჩემი კოლეგებისთვის რაიმე ტიპის კონკურენციის გასაწევად. ყველაზე მეტად ეს მიუღებელია ჩემი ხასიათისა და ბუნებისთვის. საკუთარი თავი უფრო კარგად მაქვს წარმოდგენილი, კარგად ვიცნობ ჩემი რაიონის მოსახლეობის პრობლემებს და ამ პრობლემების გადაჭრის გზებს, ამიტომ თუკი გადავწყვეტ საბოლოოდ პოლიტიკაში დარჩენას, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი წარმომიდგენია ისევ ტყიბულისა და თერჯოლის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად და არა იმ ადამიანად, რომელიც საარჩევნო სიით ეცდება პარლამენტში შესვლას“, - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.