სს "თელასი" საქართველოს ვეტერან ენერგეტიკოსთა კავშირისთვის სოციალური მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას იწყებს.
ღვაწლმოსილი ენერგეტიკოსების თანადგომის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის ინიციატივას კომპანია "თელასი" ენერგეტიკულ კომპანიებს შორის პირველი გამოეხმაურა.
სოციალური მხარდაჭერის პროგრამა ვეტერან ენერგეტიკოსთა კავშირის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში კომპანიამ კავშირის წევრებს 15000 ლარი უკვე გამოუყო. აღნიშნული თანხა სოციალურად შეჭირვებული ვეტერანების ფინანსურ და სოციალურ თანადგომას მოხმარდება. ამასთანავე, კომპანია ვეტერან ენერგეტიკოსთა კავშირს ყოველთვიურად 600 ლარით დაეხმარება.
"ჩვენ ვაფასებთ იმ ადამიანების შრომას, რომლებიც ქართულ ენერგეტიკას ათწლეულების მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდნენ. ქართული ენერგეტიკის დღევანდელი დღე და მისი მრავალწლიანი ისტორია სწორედ ვეტერანი ენერგეტიკოსების თავგანწირული შრომისა და უდიდესი პროფესიული თავდადების შედეგია. ჩვენი დახმარება პატივისცემის ნიშანია იმ ფასდაუდებელი წვლილის მიმართ, რომელიც სახელოვანმა ენერგეტიკოსებმა დარგის განვითარების საქმეში შეიტანეს " - განაცხადა "თელასის" გენერალურმა დირექტორმა იური პიმონოვმა.