საქართველოსთან მიმართებაში უვიზო მიმოსვლის საკითხს შესაძლოა, რაღაც პიროებები დაემატოს, თუმცა გერმანულ გამოცემაში ნახსენები ინფორმაცია უფრო თურქეთს ეხება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქმე ეხება ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების ნაკადს და საქართველო ლტოლვილების სატრანზიტო ქვეყანა არ არის.
„დანარჩენი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის, უბრალოდ დართულია ამ ინფორმაციაში. საქმე ეხება ახლო აღმოსავლეთისდან ლტოლვილების ნაკადს. ამ თვალსაზრისით კი, უპირველესად თურქეთია ევროპისთვის კრიტიკული მომენტი. საქართველო არ არის ლტოლვილების სატრანზიტო ქვეყანა. ამ თალსაზრისით საქართველოს ჩართვა ამ პროცესში წარმოუდგენლად მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ ეს განზოგადებული ინფორმაციაა საქართველოსთან მიმართებაში. შესაძლებელია, რაღაც პიროებები დაემატოს და ამაზე ბევრჯერ იყო საუბარი, თუმცა გერმანულ გამოცემაში ნახსენები ინფორმაცია უფრო თურქეთს ეხება“,-აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ევროკავშირმა საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთისა და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებაში შესაძლოა, შეიტანოს პუნქტი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საჭიროების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის აღდგენის უფლებას მისცემს. ამის შესახებ გერმნაული გამოცემა Die Welt am Sonntag დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ეს ნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმი შეუზღუდავი არ იქნება და მისი სწრაფად გაუქმება იქნება შესაძლებელი.
ამავე დროს, გამოცემა აღნიშნავს, რომ დამატებით პუნქტთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრებს საბოლოო გადაწყვეტიელბა მიღებული ჯერ არ აქვთ და ამ საკითხის განხილვა 21 აპრილს ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იგეგმება.
Die Welt am Sonntag წერს, რომ თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის მოქმედება ანკარას მიერ მიგრაციული შეთანხმების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. თურქეთის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამოცმეის ცნობით, სავიზო რეჟიმი მალევე აღდგება.
უკრაინასთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში სავიზო რეჟიმის აღდგენის შესახებ პუნქტის ჩამატების შესახებ რამდენიმე დღის წინ სააგენტო Reuters-იც იტყობინებოდა.