თბილისის ბიუჯეტის შედგენა ეროვნული საბჭოს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში 25 მუნიციპალიტეტის მიხედვით მოხდება. ეროვნული საბჭოს წარმომადგენლის ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებით, დღეს თბილისი 25 საარჩევნო ოლქად არის დაყოფილი და შესაბამისად ბიუჯეტიც ამ მუნიციპალიტეტებისა და მათში არსებული პრიორიტეტების მიხედვით უნდა გაიწეროს.
როგორც შალამბერიძემ აღნიშნა, დღეს თბილისის ბიუჯეტში სხვადასხვა პროექტებია ჩასმული, თუმცა ბიუჯეტის გაცნობა არ იძლევა იმის გაგების საშუალებას, კონკრეტულად რა კეთდება ამ სახსრებით. პრიორიტეტების და განსახორციელებელი ღონისძიებების მიხედვით გაწერილი ბიუჯეტი კი იმის საშუალებას მისცემს საზოგადოებას, რომ ბიუჯეტი იყოს ადვილად აღსაქმელი და გამჭვირვალე.
ამასთან, ეროვნული საბჭო მიიჩნევს, რომ ცენტრალურსა და თბილისის ბიუჯეტებს შორის გადასახადების გაყოფა აუცილებელია. დღეს ეს გადასახადები გაყოფილი არ არის და საბიუჯეტო სახსრები ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის. ეროვნული საბჭო მიიჩნევს, რომ თბილისის ეკონომიკური განვითარების მოდელი სხვა ქალაქების ეკონომიკური განვითარების მოდელთან არ უნდა იყოს უნიფიცირებული.
შალამბერიძის თქმით, საკმაოდ მაღალია გადასახადები და საჯარიმო ტარიფები, რაც ადამიანებს უკარგავს სტიმულს წამოიწყონ ეკონომიკური საქმიანობა.
"ეროვნული საბჭო მიიჩნევს, რომ გადამხდელის მიერ გადასახადის გადახდა ასევე მკაცრ ადმინისტრირებასთანაა დაკავშირებული და იგი აუცილებლად უნდა გამარტივდეს. თბილისის ეკონომიკურ განვითარებაზე ცენტრალური და ადგილობრივი ქონების გაუმიჯნაობაც უარყოფით გავლენას ახდენს. პროცესის დაწყება უკვე შესაძლებელია არჩევნების გზით. ნაციონალური მოძრაობა ადგილობრივი ხელისუფლების სათავეებს უნდა ჩამოსცილდეს და ეს იქნება ყველა ამომრჩევლისთვის სასიკეთო", _ განაცხადა შალამბერიძემ.
ეროვნულმა საბჭომ საკუთარი ეკონომიკურ ხედვა ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტი "თემატური დებატების ორგანიზება პოლიტიკური პარტიების განვითარებისა და ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალეობისთვის" ფარგლებში წარმოადგინა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში უახლოეს დღეებში სხვა პარტიების ეკონომიკური პროგრამების პრეზენტაციაც მოხდება.