„ქართული ოცნების“ რეიტინგი შიდა კვლევებითაც პარტიის მესვეურებისთვის საკმად დამაფიქრებელია და დიდ წინააღმდეგობაში არ მოდის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებთან.
„ჯი-ეიჩ-ენის“ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც 1-3 აპრილს საქართველოს ათ ქალაქში ჩატარდა, პარტიების მხარდაჭერის რეიტინგი ასე გამოიყურება:
ქართული ოცნება - 33,2%
ნაციონალური მოძრაობა - 30,7%
თავისუფალი დემოკრატები - 7.9%
რესპუბლიკური პარტია - 7,3%
კვლევაში გაურკვევლად - ერთ პოლიტიკურ სუბიექტებად არიან დაჯგუფებული „პატრიოტთა ალიანსი და მრეწველთა პარტია“, - 9,6% , ასევე გაერთიანებულია ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანებისა და ეროვნული ფორუმის რეიტინგი - 11, 11%.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობას აპირებს გამოკითხულათა 73%.
გამოკითხვები ჩატარდა თბილისში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, გორში, მარნეულში, რუსთავში და ოზურგეთში.
გამოკითხვის ათი პუნქტიდან ხუთში გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ (მარნეული, რუსთავი, თბილისი, ოზურგეთი, თელავი) და ხუთში ნაციონალურმა მოძრაობამ (ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, ახალციხე, გორი).
შეგახსნებთ, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი სესიაშვილმა NDI-ის და IRI-ის კვლევებს ღიმილისმომგვრელი უწოდა და განაცხადა, რომ მათი კვლევები ნდობას არ იმსახურებს.
„შიდა კვლევებს ვატარებთ და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, თვითკმაყოფილები არ ვიყოთ, ჩვენი პარტიის რეიტინგი საკმაოდ მაღალია. ვიტყოდი, რომ რამდენჯერმე უსწრებს სხვა ძალებს”, - განაცხადა სესიაშვილმა, რაც 1-3 აპრილს ჩატარებული შიდა კვლევების შედეგებით არ დასტურდება.