დღეს, 21 მაისს, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში "სტუდია მონიტორის" მიერ მომზადებული ფილმის ჩვენება გაიმართება. ფილმი ეხება 22 წლის გიორგი გევორქიანს, რომელსაც საქალაქო სასამართლომ ავტომანქანის გაქურდვისთვის 10 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გევორქიანი 2009 წლის 21 მაისს ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში დააპატიმრეს და ავტომანქანის სარკეების ქურდობაში დასდეს ბრალი. მას კიდევ ერთი, დაკავებამდე ერთი თვით ადრე მომხდარი ავტომანქანის გაქურდვაც წაუყენეს ბრალად. საქალაქო სასამართლომ სამი პატრულ-ინსპექტორის, დაზარალებული მოქალაქეებისა და მოწმეების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე დაყრდნობით, გევორქიანი დამნაშავედ ცნო.
"სტუდია მონიტორის" მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოწმეები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა გევორქიანის საწინააღმდეგო მტკიცებულებები დაზარალებულზე და მოწმეებზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად მოიპოვეს.
საქმის მასალების მიხედვით, დაკავებისას გევორქიანს სცემეს, რითაც სამართალდამცავები არ დაინტერესებულან. სამართალდამცავებმა არ გამოიკვლიეს ნივთმტკიცებები, არ ჩაატარეს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები რაც გევორქიანის დამნაშავეობას დაადასტურებდა ან უარყოფდა.