21-23 მაისს თბილისში "ახალგაზრდა კავკასიელთა საერთაშორისო კავშირის" ორგანიზებით გაიმართება ახალგაზრდული ტურნირი მინიფეხბურთში - "კავკასიის თასი 2010". ტურნირის საზეიმო გახსნა 21 მაისს, 14:00 საათზე. ღონისძიება სპორტკომპლექს "ირაოში" გაიმართება და იგი თბილისის მერიისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის პატრონაჟით ტარდება.
ტურნირში მონაწილე გუნდები საქართველოში მცხოვრები 12 ეთნოსის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. ასპარეზობაში ერთმანეთს X, XI და XII-კლასელები შეეჯიბრებიან.
ქართველ, აფხაზ, ოს, სომეხ, აზერბაიჯანელ, ქისტ, ავარელ, ებრაელ, ბერძენ, რუს, ასირიელ და ქურთ მოსწავლეთა გუნდებს შორის გამარჯვებული და "კავკასიის თასის" პირველი მფლობელი 23 მაისს გამოვლინდება. საპრიზო ადგილების მფლობელთათვის და ნომინაციებში გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფასიანი პრიზები.
"ახალგაზრდა კავკასიელთა საერთაშორისო კავშირის" წევრები რეგიონიდან ჩამოსული თანატოლებისთვის სხვადასხვა გასართობ ღონისძიებასაც გეგმავენ. ბავშვები ესტუმრებიან კინოთეატრ "საქართველოს", მთაწმინდის პარკ "ბომბორას" და დაათავალიერებენ თბილისის ღირსშესანიშნაობებს.
სპორტული ღონისძიების ბოლო დღეს ტურნირში მონაწილე ბავშვებს თბილისის მერია უმასპინძლებს. ორგანიზატორთა განცხადებით, ტურნირის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების დაახლოება და ინტეგრაცია. "შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა კავკასიელთა საერთაშორისო კავშირი" ექპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის ინიციატივით შარშან დაფუძნდა. ორგანიზაცია კავკასიის საკითხებით დაინტერესებულ სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის სტუდენტებს აერთიანებს.