რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო არ ამჟღავნებს მზადყოფნას მოსკოვთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხში.
"საქართველოს ხელისუფლება არ ამჟღავნებს მზადყოფნას მოსკოვთან პირდაპირი რეგულარული ავიარეისების აღდგენის საკითხში", _ ეს განცხადება დღეს რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების აღდგენის შესახებ ქართული კერძო ავიაკომპანიების მიმართვების კომენტირებისას გააკეთა.
"ამ საკითხის ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე პირველად როდი ვაკმაყოფილებთ ქართული ავიაკომპანიების მსგავს მიმართვებს. ადრე იყო ნებართვა გაცემული ფრენების ნებართვის შესახებ სააღდგომო და შობის დღესასწაულებზე. ახლა კი ფრენები საზაფხულო არდადეგების პერიოდში განახლდება", _ განაცხადა ნესტერენკომ.
მისი თქმით, "უკეთესი იქნებოდა, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ავიამიმოსვლა მუდმივ საფუძველზე განახორციელონ, როგორც ეს არის გათვალისწინებული საქართველოსა და რუსეთს შორის 1993 წელს ხელმოწერილი მთავრობათაშორისი ხელშეკრულებით".
"სამწუხაროდ, ოფიციალური თბილისი არ ამჟღავნებს მზადყოფნას გამართოს აუცილებელი კონსულტაციები მოსკოვთან რეგულარული ავიამიმოსვლის საკითხში", _ აცხადებს ნესტერენკო.