სამი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ერთობლივმა საარჩევნო მედიაცენტრმა დღეიდან მუშაობა დაიწყო.
მედიაცენტრის საშუალებით ზემოხსენებული ორგანიზაციები ჟურნალისტებს და ფართო საზოგადოებას გააცნობენ ინფორმაციას მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სადამკვირვებლო საქმიანობის, დაკვირვების შედეგების და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
წინასაარჩევნო პერიოდში ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:
საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება და ამავე კოდექსით დადგენილი ვადების დაცვა; საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა; პოლიტიკური პარტიების და მათი კანდიდატების მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიები; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა.
არჩევნების დღეს მედიაცენტრი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს, ხოლო
არჩევნების შემდეგ სადამკვირვებლო ორგანიზაციები გამოაქვეყნებენ: რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონიტორინგის შედეგებს; საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების პროცესის შეფასებას; არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის პროცესის ანალიზს; მთლიანი საარჩევნო პროცესის შეფასებას და რეკომენდაციებს გამოკვეთილი პრობლემების გადასაჭრელად.
მედიაცენტრში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ამომრჩევლებს, მისცემს შესაძლებლობას, დაუკავშირდეს მედიაცენტრს და მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ გამოვლენილი დარღვევის შესახებ. ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაცია აღირიცხება სპეციალურ ბაზაში და დაეგზავნება მედიაცენტრში გაერთიანებულ ორგანიზაციებს. ცხელი ხაზის ნომერია 14 48 96, რომელიც იმუშავებს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, ხოლო არჩევნების დღეს - 24 საათის განმავლობაში.
მედიაცენტრს აფინანსებს ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო".