საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სტატისტიკის სამსახურიდან აცნობეს, ბოლო დროს გახშირა შემთხვევები, როცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სახელით მოქალაქეებთან სახლებში მიდიან და სხვადასხვა სტატისტიკური კვლევების ჩატარების მიზნით მათი პირად მონაცემებს ითხოვენ.
"უამრავი მოქალაქე გვიკავშირდება და გვეუბნება, რომ საქსტატის სახელით მათთან იყვნენ მისული პიროვნებები, რომლებიც ითხოვენ შემდეგ მონაცემებს: ოჯახის წევრების რაოდენობა, დაბადების თარიღი, განათლება, ოჯახის წევრთა დასაქმების მდგომარეობა და სხვა. მოგეხსენებათ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველ კვარტალურად და ყოველწლიურად ატარებს შინამეურნეობის კვლევას, რისთვისაც ოჯახებიდან გარკვეული ინფორმაციის მიღება უწევს. საქსტატის ინტერვიუერი მიდის ოჯახში მხოლოდ მას შემდეგ, რაც შერჩევაში მოხვედრილ ოჯახს გაეგზავნება ოფიციალური წერილი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან (ანუ ოჯახი ყოველთვის ინფორმირებულია, რომ ის მოხვედრილია შერჩევაში და მასთან მივა საქსტატის ინტერვიუერი). სტატისტიკურ კითხვარს, რომელიც ივსება მოქალაქისა თუ ჩვენივე ინტერვიუერის მიერ მარჯვენა ზედა კუთხეში აქვს საქსტატის ლოგო და წარწერა, რომ კითხვარი დამტკიცებულია საქსტატის საბჭოს დადგენილებით", - განმარტავენ სტატისტიკის სამსახურში.
ამასთან, საქსტატი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუ ოჯახს წინასწარ შეტყობინება არ მიუღია იმის შესახებ რომ მოხვედრილია სტატისტიკურ კვლევაში, უცხო პირებს ინფორმაცია არ მისცენ.
"ჩვენთვის უცნობია, იმ პიროვნებების ვინაობა და ის თუ რაში იყენებენ ისინი მსგავს ინფორმაციას. მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს ტელეფონის ნომერზე: 36 72 10 შიდა 070", - ნათქვამია განცხადებაში.