შპს „სტუდია მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტს არავითარი უფლება არ აქვს ულტიმატუმებით ილაპარაკონ. ამის შესახებ მან ,,ქრონიკასთან“ „მაესტროს“ თანამშრომლების ხუთპუნქტიან მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა.
,,ჟურნალისტები არიან დაქირავებული თანამშრომლები. აქ მიდის დავა მეწილეებსა და დამფუძნებლებს შორის და ჟურნალისტს არავითარი უფლება არ აქვს, ულტიმატუმებით ილაპარაკოს, ვინ უნდა დავნიშნოთ, რა უნდა დავნიშნოთ და როგორ უნდა დავნიშნოთ. ამას ჩვენ თვითონ გავარკვევთ და სხვის კომპეტენციაში ნუ ერევიან. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი, თავისი კონსტიტუციური წესრიგი. დამფუძნებლები მოაგვარებენ. არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს ჟურნალისტების მხრიდან ულტიმატუმების წამოყენება. ულტიმატუმები ჟურნალისტებისგან კი არა, სააკაშვილისგან არ მიმიღია არასოდეს“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „მაესტროს“ შესაძლოა, სპეციალურად შექმნილმა ბორდმა უხელმძღვანელოს. გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ, ბორდი ორივე მხარის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და გარდამავალ პერიოდში შესაძლოა, ტელევიზიას სწორედ ამ ბორდმა უხელმძღვანელოს.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლები ტელევიზიის გარშემო მიმდინარე მოვლენების დასარეგულირებლად, დაპირისპირებულ მხარეებს ხუთპუნქტიან წინადადებას სთავაზობენ. კერძოდ, ტელეკომპანიის ეთერს დაუბრუნდეს ლოგო და სახელი; ლევან გაჩეჩილაძეს შეუწყდეს დირექტორის ფუნქცია და პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს ნეიტრალური ადამიანი შეთანხმების საფუძველზე; ტელეკომპანიის მიმდინარე საქმიანობაში არ ჩაერიოს არც ყოფილი, არც ახლანდელი დირექტორი, არც დამფუძნებლები; უახლოეს დღეებში დაიფაროს მიმდინარე სახელფასო დავალიანება. ჩვენ უზრუნველვყოფთ უწყვეტ ეთერს, თქვენ უზრუნველყავით უწყვეტი დაფინანსება; მოლაპარაკების პერიოდში მხარეებმა და მათმა წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისაგან.