ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის კურსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთეთებს და აცხადებს, რომ
ეკონომიკაში მოლოდინებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, სწორედ ამის გამო კომპანიებმა და მოქალაქეებმა დოლარში დანაზოგები ზედმეტად გადაახურდავეს
ახლა კი, მინისტრის განცხადებით, უწევთ მათი ლარში გადახურდავება.
"ჩვენ გვქონდა დოლარიზაციის კოეფიციენტი ძალიან აწეული, რაც ნიშნავდა იმას, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, კომპანიებმა ის დანაზოგები, რომლებიც მათ გააჩნდათ თავიანთ ანგარიშებზე ლარში, წინა წლის აგვისტოდან მოყოლებული, მათი გადახურდავება დაიწყეს უცხოურ ვალუტაში - დოლარში. ჩვენ ვუყურებდით ტრენდს, რომლის მიხედვითაც იზრდებოდა უცხოურ ვალუტაში აღნიშნული დანაზოგები. მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ გარდა იმ მაკროეკონომიკური პარამეტრებისა, რომელსაც რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი ჰქვია და რომლის მიხედვითაც ჩვენი ვალუტა იყო 5-დან 7 პროცენტზე მეტად გაუფასურებული, ვიდრე შედარებითი ანალიზი აჩვენებდა, აქვე იყო ეს მოლოდინებიც, რომ კომპანიებმა და მოქალაქეებმა დოლარში დანაზოგები ზედმეტად გადაახურდავეს..
ჩვენ ეფექტურ კურსთან მიმართებაში ვიყავით გაუფასურებული, ახლა ვუბრუნდებით იმ ეკვილიბრიუმს, რომელიც უნდა გვქონდეს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, რთულია იმის თქმა, თუ რა ნიშნულამდე შეიძლება გამყარდეს ლარი.
"რეგიონში ვალუტა მყარდება, შესაბამისად, ყველაფერი ავტომატურად აისახება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.