ფარულ კადრებთან დაკავშირებით დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილისა და სხვა ბრალდებულების ადვოკატები მოითხოვენ, რომ სააპელაციო სასამართლოში მოხდეს აღმკვეთი ღონისძების გაუქმება. მათი თქმით, ჯამალაშვილი და დანარჩენებიც უსაფუძვლოდ არიან დაკავებულები და იმედს გამოთქვამენ, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გააუქმებს და მათ გაათავისუფლებს გირაოს სანაცვლოდ.
"აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო ის , რომ ჯამალაშვილის მოახდენდა მოწმეებზე ზემოქმედებას, რომელშიც ალბათ სასამართლო გულისხმობდა მის შვილს, დღეს უკვე ეს გარემოებაც გამორიცხა , ვინაიდან გამოძიებამ დაკითხა ძირითადი მოწმე, საიდანაც გულისხმობდა, რომ ზურაბ ჯამალაშილს შესაძლებელია ჰქონოდა რაიმე სახის ჩანაწერი. ეს დავურთეთ ჩვენ საჩივარს და გავასაჩივრეთ", - განაცხადა ჯამალაშვილის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.
რაც შეეხება ერთ-ერთ დაკავებულ ინგა ჩატოიანს, მას დღეს 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განმარტა, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და ნივთიერი მტკიცებულებების ამოღებაში დაეხმარა.