მთელმა მსოფლიომ, ცივილიზებულმა სამყარომ და მსოფლიო თანმეგობრობამ კარგად იციან, რომ საქართველომ 2012 წლიდან გადადგა ძალიან სერიოზული, კონსტრუქციული ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა გრიგორი კარასინის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველთვის, ამ ნორმალიზაციის კონტექსტში ქართული მხარე ეფუძნებოდა უმთავრეს პრინციპს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემა, ასე იქნება მომავალშიც, თუ ჩვენს მეზობელს ჩვენთან ურთიერთობის ნორმალიზება სურს.
რაც შეეხბა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით კარასინის პოზიციას, ზალკალიანის თქმით, საქართველო მხოლოდ მასპინძელია და ეს ღონისძიება ეუთო-ს ეგიდით იმართება. ოკუპაციის კანონის შეცვლასთან დაკავშირებით, ზალკალიანი აცხადებს, რომ კანონის გადახედვას არავინ აპირებს და ყველამ პატივი უნდა სცეს არსებულ კანონს.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითვალისწინებთ ეუთო-ს სურვილს, პრინციპებს, რომ ღონისძიებაში, რომელიც ტარდება ეუთო-ს ეგიდით და არა საქართველოს სურვილით, მონაწილეობა მიიღოს ეუთოს წევრმა ყველა ქვეყანამ. ჩვენ ხომ არ ვიცით, ჯერ ვინ ჩამოვა საქართველოში. მჭიდრო კონტაქტში ვართ ეუთო-სთან. მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა იმ პრინციპს, რომელზეც არის დაფუძნებული ეს ორგანიზაცია“,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.