სახელგანთქმული ორკესტრების მოწვეული სოლისტი, ლეგენდარული პიანისტი ლიზა ლეონსკაია ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის მოწვევით ორ კონცერტს გამართავს. 21 მარტს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ეროვნულ სიმფონიურ ორკეტრს 90 წლის იუბილეს მიულოცავს, ხოლო 22 მარტს რუსთაველის თეატრში სულხან ციცნაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოში მიიღებს მონაწილეობას.
ოპერის თეატრში ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ბეთჰოვენის მე-3 საფორტეპიანო კონცერტი შესრულდება. სკრიაბინის საორკესტრო შედევრი - პოემა ექსტაზი კი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დასარტყამ საკრავთა ჯგუფის სოლისტის დიანა მეტრეველის ხსოვნას მიეძღვნება.
დიანა მეტრეველი 15 მარტს გარდაიცვალა.
ელისაბედ (ლიზა) ლეონსკაია
ლიზა ლეონსკაია თბილისში დაიბადა და ვუნდერკინდ ბავშვად ითვლებოდა. 11 წლის ასაკში უკვე კონცერტებს მართავდა. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულმა მუსიკოსმა სწავლა მოსკოვის კონსერვატორიაში გააგრძელა და სტუდენტობის დროს ენესკუს, მარგარეტ ლონგის და დედოფალ ელისაბედის პრესტიჟული საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსების პრიზები მოიპოვა.
ლიზა ლეონსკაიას შემოქმედებაზე უდიდესი ზეგავლენა იქონია მისმა თანამშრომლობამ სვიატოსლავ რიხტერთან, რომელიც აღიარებდა ახალგაზრდა პიანისტის განსაკუთრებულ ნიჭს და ხელს უწყობდა მის განვითარებას არა მხოლოდ სწავლებისა და რჩევების მიცემის გზით, არამედ ხშირად იწვევდა მას ერთობლივი დუეტების შესასრულებლად. დაუვიწყარი მუსიკალური მოვლენა! თანამშრომლობა და პირადი მეგობრობა სვიატოსლავ რიხტერსა და ლიზა ლეონსკაიას შორის გრძელდებოდა რიხტერის გარდაცვალებამდე (1997). 1978 წელს ლიზა ლეონსკაიამ დატოვა საბჭოთა კავშირი და ვენაში გადავიდა საცხოვრებლად. მისი სენსაციური გამოსვლა ზალცბურგის ფესტივალზე 1979 წელს გახდა ლიზას პროფესიული კარიერის უწყვეტი წინსვლის დასაწყისი დასავლეთში.
როგორც სოლისტი, ლიზა ლეონსკაია მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან ორკესტრთან თანამშრომლობდა, მათ შორის: New York Philharmonic, Los Angeles Philharmonic Orchestra, Cleveland Orchestra, London Philharmonic Orchestra, Royal Philharmonic Orchestra, BBC Symphony Orchestra London, Zurich Tonhalle Orchestra, Berlin Philharmonic Orchestra, Gewandhausorchester Leipzig, ჰამბურგის, კიოლნისა და მიუნჰენის რადიო ორკესტრები, Czech Philharmonic Orchestra და მრავალი სხვა. თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ დირიჟორებთან როგორიცაა: კურტ მაზური, სერ კოლინ დეივისი, კრისტოფ ფონ დონანი, კურტ ზანდერლინგი, მარის იანსონსი, იური ტემირკანოვი და სხვა.
ლიზა ლეონსკაია ხშირი და სასურველი სტუმარია ზალცბურგის, ვენისა და ლუცერნის პრესტიჟული საზაფხულო ფესტივალებისა, ამასთანავე Schleswig-Holstein Festival და Schubertiade. სოლო კონცერტებს მართავს პარიზის, მადრიდის, ბარსელონას, ლონდონის, ედინბურგის, მიუნჰენის, ვენის წამყვან საკონცერტო დარბაზებში. გადატვირთული სოლო კარიერის მიუხედავად, მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი კამერულ მუსიკას ენიჭება. იგი ხშირად თანამშრომლობს ემერსონის, ბოროდინისა და არტემისის კვარტეტებთან.
მრავალი ჩანაწერი მოწმობს ლიზა ლეონსკაიას, როგორც პიანისტის განსაკუთრებულ შემოქმედებით მიღწევებზე. მიღებული აქვს Caecilia Prize ბრამსის საფორტეპიანო სონატებისთვის, Diapason d´Or - ლისტის ნაწარმოებების ჩანაწერისთვის. სხვა მნიშვნელოვანი ჩანაწერები მოიცავს: ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტებს ნიუ იორკის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად კურტ მაზურის დირიჟორობით, შოპენის საფორტეპიანო კონცერტებს ჩეხეთის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ვლადიმირ აშკენაზის დირიჟორობით, შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტებს სან პოლის კამერულ ორკესტრთან ერთად. მისი უახლესი ჩანაწერი CD 'PARIS' რაველის, დებიუსისა და ენესკუს ნაწარმოებებით, რომელიც გამოცემულია ბერლინში ლეიბლით ეაშონუს, აღიარებულია 2014 წლის საუკეთესო სოლო ჩანაწერად International Classical Music Awards -ის ჟიურის მიერ. 2015 წლის შემოდგომაზე კი ამავე ლეიბლით გამოიცა ლიზა ლეონსკაიას მიერ შესრულებული შუბერტის სონატების სრული კრებული.
მის მეორე სამშობლოში, ავსტრიაში, ლიზა ლეონსკაიას განსაკუთრებულმა მიღწევებმა უდიდესი აღიარება მოუტანა. იგი გახლავთ ვენის Kონზერტჰაუს-ის საპატიო წევრი. 2006 წელს კი სახელგანთქმულ პიანისტს გადაეცა პირველი ხარისხის ღირსების ჯვარი - ავსტრიის უმაღლესი ჯილდო კულტურის დარგში მოღვაწეობისთვის. დღესათვის ლიზა ლეონსკაია - “Lioness of the Keyboard”, როგორც მას უწოდებენ, გამორჩეულ პიანისტადაა აღიარებული, მისი ვირტუოზობა ყოველგვარ შექებას აღემატება და ყველგან უდიდესი სითბოთი და აღტაცებით ხვდებიან.
ლიზა ლეონსკაია ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, ვინც ახალგაზრდა ქართველ შემსრულებლებს დახმარების ხელი გაუწოდა და მათ მხარდასაჭერად საქველმოქმედო ფონდი SOLO დააარსა. ფონდის არსებობის 20 წლის მანძილზე, ლიზა ლეონსკაიას პირადი სახსრებით 100-ზე მეტმა ნიჭიერმა ახალგაზრდა შემსრულებელმა მიიღო დაფინანსება - გრანტების, სტიპენდიებისა და პრემიების სახით. მათ შორის: ხატია ბუნიათიშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, ნინო გვეტაძე, თამარ ბერაია, ლევან ცხადაძე და სხვ. ლიზა ლეონსკაია დღესაც დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს პერსპექტიულ ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სწავლობს ამერიკისა თუ ევროპის კონსერვატორიებში და სამუსიკო სასწავლებლებში.