საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ლევან კობიაშვილმა ბერლინის "ჰერტასთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნაკრების გამოცდილმა ნახევარმცველმა გასული სეზონის მეორე ნახევარი სწორედ ბერლინურ გუნდში გაატარა.
კობიაშვილმა ჩემპიონობისთვის მებრძოლი "შალკე" სათამაშო დროის არქონის გამო მიატოვა და ბუნდესლიგაში დასარჩენად მებრძოლ "ჰერტაში" გადავიდა. ლევანმა ბერლინელებთან 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა თუ "ჰერტა" სეზონის ბოლოს ბუნდესლიგაში ადგილს ვერ შეინარჩუნებდა, მაშინ ქართველი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდებოდა.
ფრიდჰელმ ფუნკელის გაწვრთნილი გუნდი დიდი მცდელობის მიუხედავად მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა, ლევანმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. კობიაშვილმა რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის მოსკოვის "დინამოს" შეთავაზება განიხილა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი "ჰერტაზე" შეაჩერა, რომელმაც გაუმჯობესებული პირობები შესთავაზა.