საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი "სოკო" წეროვანში მცხოვრები დევნილებისთვის სასწავლო პროექტს განახორციელებს. პროექტი 18-იდან 45 წლამდე ასაკის იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ინგლისური ენისა და კომპიუტერის უფასო სწავლებას ითვალისწინებს.
საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანთან ერთად, წეროვანს ეწვია და ინგლისურის გაკვეთილსაც დაესწრო.
სასწავლო კურსი თვე-ნახევარს გრძელდება. თითოეულ ეტაპზე ორივე საგანში ოთხი ათკაციანი ჯგუფი მოემზადება. ერთწლიანი პროექტის ფარგლებში, სწავლებას 300-ზე მეტი ადამიანი გაივლის. ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მათ ტესტირება ჩაუტარდებათ და შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.