საატესტატო გამოცდებისათვის ფართომასშტაბიანი აპრობაცია დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის დღეს №57-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც 2011 წლის საატესტატო გამოცდებზე გამსვლელი ქულის დასადგენად მე-11 კლასის მოსწავლეებში პრეტესტი მიმდინარეობს.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, დამამთავრებელ კლასში გამოცდების ჩაბარება სახელმწიფოს მისცემს გარანტიას, რომ მოსწავლეები სკოლაში ზოგად განათლებას რეალურად მიიღებენ. ამასთან, გაიზრდება მოსწავლეთა დასწრება და სკოლებში ყველა საგანი თანაბრად პრიორიტეტული გახდება.
იმისათვის, რომ 2011 წლის საატესტატო გამოცდებისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დადგინდეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საქართველოს 36 რაიონის 62 სკოლა განისაზღვრა. აღნიშნულ სკოლებში 18-დან 21 მაისის ჩათვლით საცდელი ტესტირებები ტარდება, რომელშიც მონაწილეობას მე-11 კლასის 1500-მდე მოსწავლე და შესაბამისი საგნების 500-ზე მეტი პედაგოგი იღებს. მოსწავლეები აპრობაციას ყველა იმ სავალდებულო საგანში გაივლიან, რომელიც მომავალ წელს ატესტატის ასაღებადარის აუცილებელია. პედაგოგები ასევე შეავსებენ სპეციალურ კითხვარს.
საცდელი ტესტირებების შედეგების ანალიზით დადგინდება როგორც კომპეტენციის მინიმალური ზღვარი თითოეული გამოცდისათვის, ასევე ატესტატის გაცემის ოპტიმალური ფორმულა. აპრობაციების შედეგად გამოიცდება ასევე ტესტური დავალებები, განისაზღვრება საატესტატო გამოცდის ფორმატი და დადგინდება, კონკრეტულად რა მიმართულებით საჭიროებენ მოსწავლეები დახმარებას.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2011 წელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩააბარებენ.