პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილი ანა დოლიძე ენმ-ის მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით კითხვების დასმა უფრო ადრეც შეიძლებოდა. მისი თქმით, უფრო უპრიანი იქნებოდა, ეს საკითხები დაესვათ თავდაცვის მინისტრის მოადგილისათვის.
,,უამრავი დრო იყო, რომ რომელიმე წევრს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან შეემოწმებინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი, სადაც განთავსებულია ჩემი ბიოგრაფია და თუ აგვისტოს ომთან რაიმე კითხვები ჰქონდათ დასასმელი, 10 თვე იყო ამისთვის სავსებით საკმარისი. გარდა ამისა, უფრო უპრიანი იქნებოდა, ეს დაესვათ თავდაცვის მინისტრის მოადგილისათვის, ვიდრე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისათვის. ამიტომ, მოვუწოდებ, საშინაო დავალება ყველამ უკეთესად მოამზადოს თავის დროზე“, - განაცხადა დოლიძემ.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, ანა დოლიძე, 2008 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა მოსკოვში არსებული ჰოლანდიაში რეგისტრირებულ ორგანიზაციას. კვლევა 2008 წლის ომთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს შეეხებოდა. ამ ორგანიზაციის სახელია „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა“ Russian Justice Initiative.