სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა გახდეს ამ ქვეყანაში ქაოსის დასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი და ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმი და მისი მთავარი მოკავშირე - რუსეთი - დაიცავენ საკუთარ პირობას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
„უახლოესი დღეები იქნება კრიტიკული (სირიის მომავლისთვის. რედ) და ამას დააკვირდება მთელი მსოფლიო. თუ უფრო ვრცლად შევხედავთ: ეს იქნება ტესტი, რომელიც გვანახებს რეალურად არის კი ყველა მხარე მზად მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა ობამამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ.
ობამამ ასევე აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ნიშნავს საბრძოლო მოქმედებების სულ შეწყვეტას, რადგანაც ეს შეთანხმება არ ვრცელდება „ისლამურ სახელმწიფოსა“ და სხვა ექსტრემისტულ ორგანიზაციებზე.
ობამას განცხადებით, აშშ არ აპირებს :ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაზავებას და ჯიჰადისტებს ყველა ფრონტზე შეუტევს.
„ჩვენ გავანადგურებთ ამ ბარბაროსულ ტერორისტულ ორგანიზაციას“, - განაცხადა ობამამ და დასძინა, -„ ისლამური სახელმწიფო ხალიფატი კი არა - დანაშაულებრივი ორგანიზაციაა“.
მან ასევე გაიმეორა, რომ სამოქალაქო ომი სირიაში არ დასრულდება იმ დრომდე ვიდრე დამასკოში რჩება პრეზიდენტი ბაშარ ასადი.
ობამამ განმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კვლავ რჩება მნიშვნელოვანი განსხვავება რუსეთთან, ირანთან და რეგიონის სხვა მოთამაშეების პოზიციებთან.