"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს ეხმაურება. მისი შეფასებით, ახლა სასამართლოში მიმდინარეობს პროცესები, რომელიც მიმდინარეობდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დროს.
ალასანია აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარება არჩევნების შემდეგ, "თავისუფალმა დემოკრატებმა" თავის თავზე უნდა აიღონ.
,,ახლა სასამართლოში მიმდინარეობს პროცესები, რომელიც მიმდინარეობდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დროს, მაშინ, როცა ადეიშვილმა გადაწყვიტა მთელი სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება. მურუსიძე აგრძელებს მუშაობას სააპელაციო სასამართლოში და ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მის გვერდით დავინახე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც. ისინი ერთობლივად აგრძელებენ ზეწოლას და კონტროლს სასამართლოზე. მე მგონია, რომ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, "ქართულ ოცნებას" კი ეს პოლიტიკური ნება არ აქვს, იმისათვის რომ სასამართლო იყოს თავისუფალი", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამაუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გუშინ გაათავისუფლა. ამ გადაწყვეტილებას ახვლედიანი ასაჩივრებს. უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილებას კანონდარღვევად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.