უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და განმარტავენ, რომ მამუკა ახვლედიანის გადაყენება კანონიერი იყო.
ნინო გვენეტაძის თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახვლედიანის გადაყენებისას "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონით იხელმძღვანელა.
მისივე თქმით, მამუკა ახვლედიანი რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს გადაყენებას ითხოვს, სიახლე არ არის.
გვენეტაძის თქმით, ახვლედიანის გადაყენების დასაბუთება არსებობს და ეს უკავშირდება სასამართლოში საქმეთა განაწილების წესთან დაფიქსირებულ პრობლემებს.
,,გადაწყვეტილება გამოქვეყნდება. ის არის კანონიერი, აქვს საფუძველი და მამუკა ახვლედიანს აქვს სრული უფლება იდავოს გადაწყვეტილების თაობაზე", - განაცხადა გვენეტაძემ.