თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ ტესტებზე და კაზუსებზე წვდომა ჰქონდათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.
ახვლედიანი ხაზს უსვამს, რომ საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე თავად ლევან მურუსიძე იყო, რაც დებულებით არის განსაზღვრული. ტესტები და კაზუსები კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან მიჰქონდათ ავტორებს.
მისი თქმით, საეჭვოა ლევან მურუსიძის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ საბჭოში მოკვლევა ჩაატარა და წევრებს ტესტების გამჟღავნების საკითხთან შეხება არ ჰქონიათ.
ახვლედიანი ვარაუდობს, რომ ან ყველა ერთად არის ჩართული ტესტების წინასწარ გამჟღავნების საკითხში, ან ერთი ნაწილი მეორეს აშანტაჟებს.
მისივე თქმით, ლევან მურუსიძეს, რომელიც აცხადებს, რომ ამ საკითხზე შიდა მოკვლევა ჩაატარა, კომისიაც კი არ შეუქმნია.
,,გამოცდების პერიოდში იმ კომპიუტერებში, რომლითაც გამოცდები ბარდებოდა, ჩართული იყო ინტერნეტი, უფრო მეტიც, ზოგი გამოსაცდელი სარგებლობდა საკანონმდებლო მაცნეს ინფორმაციით, რაც კანონის დარღვევაა", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა, რომლის თქმითაც, არც ის არის გამორიცხული, რომ ე.წ. ფლეშკით ჰქონდათ მიტანილი გამოსაცდელებს გარკვეული მასალები. ახვლედიანი სასაცილოდ მიიჩნევს ვარაუდს, რომ ტესტების გამჟღავნებაში ჰაკერების ხელი ურევია.
ახვლედიანის ასევე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ტესტების საქმესთან დაკავშირებით მასალები პროკურატურაში არ გადაუგზავნია. იგი საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში , უხერხულობა შეექმნება, რადგანაც ამ საკითხში შესაძლოა ბევრი მოსამართლე იყოს ჩართული.