უკრაინის უმაღლესი რადა უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სახელმწიფოების შეიარაღებული ჯარების ყოფნის საკითხის განხილვას იწყებს. რადის თავმჯდომარემ ვლადიმერ ლიტვინმა სხდომა უკვე გახსნა, რომელსაც, უკრაინული მედიის ინფორმაციით 310 დეპუტატი ესწრება.
"დღის წესრიგში რამდენიმე კანონპროექტის გარდა, არის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ მოწონებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება ეძლევათ", _ იუწყება უკრაინული მედია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ხელმოწერილი შეთანხმებით, ყირიმში მდგარ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა 2042 წლამდე გაუგრძელდა. ამას გარდა, უკრაინაში დაბრუნდებიან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფები, რომელიც ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს დროს უკრაინის ტერიტორიიდან გააძევეს. გარდა ამისა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე რუსული სამხედრო ბაზის გახსნასაც აპირებს. აღსანიშნავია, რომ უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყოფნა დაუშვებელია.