უკრაინაში მთავრობას პარლამენტმა შესაძლოა უნდობლობა გამოუცხადოს. მისი მთავრობის მიმართ არსებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს დღეს რადაში მოუწევს, როდესაც პარლამენტის წინაშე მთავრობის მუშაობის ანგარიშით წარსდგება.
პეტრო პოროშენკოს ბლოკში აცხადებენ, რომ პარტიის ყველა წევრი თანახმაა, მოქმედი მთავრობა გადადგეს და საჭიროების შემთხვევაში უნდობლობის გამოცხადებისთვის ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.
ამ ფონზე თანამდებობა ქვეყნის გენერალური პროკურორის რეფორმატორმა მოადგილემ დატოვა. ვიტალი კასკომ საკუთარი გადაწყვეტილება მედიასთან განმარტა და განაცხადა, რომ კორუმპირებული მთავრობის პირობებში მუშაობა აღარ სურს. ამ განცხადებას ტვიტერით გამოეხმაურა უკრაინაში აშშ-ის ელჩი ჯეფრი პაეტი, რომელმაც კასკოს რეფორმებისთვის მებრძოლი უწოდა და დასძინა, რომ მისი გადადგომა „ძირს უთხრის რეფორმების მსვლელობას უკრაინაში“.
მანამდე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა აივარას აბრომავიჩიუსმა, რომელმაც რეფორმების შეფერხების მიზეზად „მზარდი სისტემური წინააღმდეგობა“ დაასახელა.