მალიში, ტერორისტთა თავდასხმის შედეგად, გაერო-ს 6 მშვიდობისმყოფელი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. დაღუპულები გვინეის მოქალაქეები არიან. ამის შესახებ ,,ბიბისი“ გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდასხმა მალის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კიდალში მოხდა. ტერორისტმა მებრძოლებმა მშვიდობისმყოფელთა ბაზასთან ჯერ დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს, შემდეგ კი ბაზის ტერიტორია დაცხრილეს.
პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ალ-ქაიდას ფილიალმა, დაჯგუფება "ანსარ ად-დინმა" აიღო.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა თავდასხმას სამხედრო დანაშაული უწოდა და დასძინა, რომ გაერო ისლამისტებთან ბრძოლაში მალის მთავრობის დახმარებაზე უარს არ იტყვის.