არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" ცესკოს საინფორმაციო კლიპს უწუნებს. ამის შესახებ წინასაარჩევნო მონიტორინგთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ მომზადებულ მეორე შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი.
"ცესკოს მიერ ტელევიზიით გავრცელებული საინფორმაციო კლიპი (ამომრჩეველთა ინფორმირება დამკვირვებლობისა და ცესკოს სხდომებზე დასწრების შესახებ) არ შეესაბამებოდა საარჩევნო კოდექსის ნორმებს. მოხდა კანონის არასწორი ინტერპრეტაცია და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შედეგად საზოგადოება შეცდომაში იქნა შეყვანილი," - აღნიშნულია ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
ორგანიზაციის თავმჯდომარის მიხეილ დევდარიანის განცხადებით, საინფორმაციო კლიპის შეცვლის რეკომენდაციით "ახალმა თაობა - ახალმა ინიციატივამ" ცესკოს არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
"ჩვენს მიერ არაერთი გამოხმაურების მიუხედავად, კვლავაც ხდება აღნიშნული საინფორმაციო კლიპის ტელევიზიით გაშუქება და ის ცესკოს განახლებულ ვებ-გვერდზეცაა განთავსებული", - განმარტა დევდარიანმა.