დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წეროვანის №3 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კაბინეტი გახსნა.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საჯარო სკოლებში ინგლისური ენის გაძლიერებულად სწავლება პრეზიდენტის ინიციატივა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
წეროვანის სკოლა პირველია, სადაც უცხო ენის სწავლების თანამედროვე კლას-კაბინეტი მოეწყო. შაშკინის თქმით, ნიშანდობლივია, რომ სწორედ წეროვანის ახალ დასახლემაში მდებარე სკოლაში ჩაეყარა საფუძველი ახალ ინიციატივას და აქ მცხოვრები ბავშვები შეძლებენ პირველები ინგლისური ენის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესწავლას. მისივე განცხადებით, ანალოგიურად მოეწყობა და აღიჭურვება საქართველოს დანარჩენი სკოლებიც.
შეგახსენებთ, რომ ინგლისური ენის გაძლიერებულად სწავლებას ითვალისწინებს სამინისტროს ახალი პროექტი "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად", რომლის მიზანია საქართველოს მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის შესწავლის პროცესის გაუმჯობესება და წახალისება უცხოელებთან უშუალო კონტაქტის საფუძველზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 1000 უცხოელი მოხალისე მასწავლებლის ჩამოყვანა იგეგმება.