პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე მოსამართლეთა კორპუსის მიერ პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებს. მისი შეფასებით, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული შეფასებები სახელმწფიოში არსებულ ნებისმიერ აქტუალურ და სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით, ვერანაირად ვერ ჩაითვლება ზეწოლად.
,,იურისტები რაღაც ეფემერული, ილუზორული, მოჩვენებითი არგუმენტებით არ უნდა საუბრობდნენ. ეს ცოტა უხერხულია. პრეზიდენტი გახლავთ სახელმწიფოს მეთაური, იგი არის კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი, კონსტიტუციურ ორგანოთა ფუნქციონირების გარანტი. შესაბამისად, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული შეფასებები სახელმწფიოში არსებულ ნებისმიერ აქტუალურ და სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით ვერანაირად ვერ ჩაითვლება ზეწოლად. მაშინ იგივე საკანონმდებლო ნორმა შეგვიძლია ჩავთვალოთ ზეწოლად, იგივე საზოგადოებრივი აზრი შეიძლება ჩავთვალოთ ზეწოლად. სტრასბურგის გადაწყვეტილებები შეგვიძლია ჩავთვალოთ ზეწოლად. ამიტომ ამ თემაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი კვერენჩხილაძემ
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ გუშინ განცხადება შეიმუშავა, რომლითაც საზოგადოებას, ხელისუფლებას და სამოქალაქო სექტორს მიმართა. მიმართვაში მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მათ წინააღმდეგ ბოლო პერიოდში დაწყებული საპროტესტო კამპანია დაგმეს და განაცხადეს, რომ თუკი მათდამი "სიძულვილის თესვა" დროულად არ აღიკვეთება, მართლმსაჯულების სისტემას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. ამასთან, მოსამართლეთა კონფერენციამ ცალკეული მაღალჩინოსნები სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულა, რომელთა შორისაც საქართველოს პრეზიდენტიც იყო დასახელებული.
მოსამართლეებმა პრეზიდენტსა და კრიტიკულად განწყობილ არასამთავრობოებს შეხვედრა შესთავაზეს, რომელიც დღეს ,,რედისონში“ გაიმართება. შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გიორგი კვერენჩხილაძე და კახა კოჟორიძე დაესწრებიან.