ეკონომიკის ექსპერტის რომან გოცირიძის შეფასებით, პარლამენტის უარი ეროვნული ბანკის საქმიანობის ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით, კანონდარღვევა. მისი თქმით, პარლამენტმა უნდა გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება და თუ სებ-ის მუშაობას უარყოფითად აფასებს უნდა დაასაბუთოს და მიუთოთოს ხარვეზების გამოსწორების გზებზე.
,,პარლამენტის უარი ეროვნული ბანკის საქმიანობის ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით არის სამარცხვინო და პირდაპირი კანონდარღვევა. საპარლამენტო მოსმენას აქვს სერიოზული იურიდიული დატვირთვა. პარლამენტმა უნდა შეაფასოს ეროვნული ბანკის მუშაობა და უნდა გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება. თუ უარყოფითად შეაფასებს, როგორ საფინანსო კომიტეტი სთავაზობს პარლამენტის პლენარულ სხდომას, უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ და უნდა მიუთითოს ხარვეზების გამოსწორების გზებზე. მაგ. ურჩიოს დახარჯოს რეზერვები ან სხვა რამ. ეს სრულ წინააღმდეგობაში მოვა საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებთან და შეიძლება გახდეს პრობლემების მომტანი, რადგან ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას განსაზვრავს პარლამენტი და აღასრულებს ეროვნული ბანკი. ეს ხდება პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ. სასაცილო ისაა, რომ ეროვნულმა ბანკმა ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა პარლამენტის შესაბამისი დავალება.
გამოდის, რომ პარლამენტი ეწინააღმდეგება საკუთარ თავს, როცა აკრიტიკებს ეროვნული ბანკის იმ ქმედებებს, რაც მანვე დაავალდებულა.
გარდა ამისა, საპარლამენტო განხილვებისას ალბათ ითქმებოდა იმის შესახებ, რისი თქმაც მოქმედ პრეზიდენტს ყოველთვის არ შეეძლო ლართან დაკავშირებული მოვლენებიდან გამომდინარე: მთავრობის როლზე ლარის გაუფასურებაში; სახაზინო ვალდებულებების მილიარდნახევრიან ზრდაზე და მის გავლენაზე საპროცენტო განაკვეთებზე და რეფინანსირების სესხების ოდენობაზე; ან მთავრობის ფარულ მონაწილეობაზე ეროვნული ბანკის საწინააღმდეგო აქციებში და მჩხავანა ექსპერტების მართვაში; იმაზე, რომ ერთი წელი გავიდა და სავალუტო ფონდთან ჯერ კიდევ არ არის მთავრობის მხრიდან ხელმოწერილი მიმოხილვის დამთავრების შესახებ ხელშეკრებულება ( ორი ეტაპის, რაც არასდროს მომხდარა) და ამის მიზეზებზე და ა.შ.
პარლამენტს არ ეყო ღირესბა და ვერ დამალა " ერთი ვინმეს სიყვარული, დამალვა რომ სჭირდება”, - აცხადებს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ამ ეტაპისთვის არ იცის როდის შეძლებს პარლამენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენას. მისი განცხადებით, ეს პარლამენტთან და ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა გადაწყდეს.
დავით უსუფაშვილის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს როდის ეწურება ვადა გიორგი ქადაგიძეს, ეროვნული ბანკის ანგარიშს პარლამენტი მაინც მოისმენს.
„მოვუსმენთ მაშინ, როდესაც შევჯერდებით პარლამენტიც და ეროვნული ბანკიც. ჩვენ უნდა მოვისმინოთ ეროვნული ბანკის ანგარიში. შარშან რომ გასვლოდა ვადა გიორგი ქადაგიძეს - რა აღარ უნდა მოგვესმინა ანგარიში? ჩვენ ბანკის ანგარიში გვაქვს მოსასმენი. ეს უკავშირდება არა ქადაგიძეს ან კონკრეტულ გვარს, არამედ იმას, როდის მოხდება ამ საკითხის განხილვა პარლამენტში,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.